ჰოთ-დოგების გაყიდვა, რესტორნის მართვა, რუსეთის არმიის და ოფიციალური უწყებების საკვებით მომარაგება, ციხე და გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელობა - ეს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, დღეს კი ამბოხების ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მოკლე ბიოგრაფიაა.
პრიგოჟინის კრიმინალურ ბიოგრაფიაში 1980 წლის მარტში ქალის ძარცვის გამო 10 წლიანი სასჯელია. ციხიდან ის 1990 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც ჰოთ-დოგების გაყიდვა დაიწყო. 1995 წელს ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნის მმართველი გახდა. სწორედ რესტორანი დაეხმარა მას დაკავშირებოდა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. პრიგოჟინი მსოფლიო ლიდერებს პირადად ემსახურებოდა - მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც. მოგვიანებით ის "პუტინის პირადი მზარეული" გახდა.
დროსთან ერთად, პრიგოჟინის მადა იზრდებოდა. ასე შეიქმნა "ვაგნერის" კერძო არმია, რომელსაც ოფიციალური კავშირი რუსეთის ჯართან არ უნდა ჰქონოდა და რუსეთის ინტერესებისთვის ებრძოლა.
"ვაგნერი" წლების განმავლობაში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა, თუმცა, ოფიციალურად, კრემლი მასთან კავშირს უარყოფდა. პრიგოჟინი ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევაშიცაა ეჭვმიტანილი.
სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" პირველად 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ომში გამოჩნდა. ისინი პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდნენ და დღემდე აქტიურად განაგრძობდნენ უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებს. "ვაგნერელები" განსაკუთრებით აქტიურობდნენ მარიუპოლში, ბახმუტსა და ხერსონში.
2015 წელს ისინი სირიაში ენერგეტიკული ობიექტებისა და ნავთობ საბადოების დასაცავად გამოჩნდნენ.
"ვაგნერელები" ჩართული არიან სუდანის კონფლიქტშიც. ისინი სწრაფი მხარდაჭერის ძალებს რაკეტებით ამარაგებდნენ, რათა ქვეყნის არმიისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ. საერთაშორისო მედია ხშირად საუბრობდა "ვაგნერელების" მიერ სუდანის ოქროს რესურსების ძარცვაზე.
"ვაგნერის" დაჯგუფება 2018 წლის 30 ივლისს სამი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს. ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსული სამხედრო დაჯგუფების საქმიანობის შესახებ მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩავიდნენ.
"ვაგნერი" აქტიურობდა მალისა და ბურკინა-ფასოშიც. ვარაუდობენ, რომ ლიბიაში, 1200-მდე "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლი ლიდერ ხალიფა ჰიფტერის მხარეს იბრძვის. მალიში პრორუსულმა, ანტიდასავლურმა სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ასობით "ვაგნერის" მებრძოლიც შეიყვანა.
2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა "ვაგნერის" მებრძოლები ლიბიის დედაქალაქსა და მის გარშემო ნაღმების განთავსებაში დაადანაშაულეს.
დღეს სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" 50 000-მდე მებრძოლს ითვლის.
ავტორი: თინათინ ცერცვაძე