20 სექტემბერი 2024,   04:04
ვრცლად
ავტორთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რაც მიმდინარეობს საავტორო უფლებების დაცვის კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, რადგანაც ნათლად გამოჩნდა ამ ისედაც ცხელი და მრავალი წლის განმავლობაში კონფლიქტური თემის დამატებით პოლიტიზირების ნიშნები.

ჩვენი ბრიფინგი პირველ რიგში მიმართულია საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილისადმი, რომელთაც გასულ დღეებში გაილაშქრეს საავტორო უფლებების დაცვის კანონის წინააღმდეგ და მოითხოვეს პროცესის შეჩერება იმ ფონზე, როდესაც სფეროს პრობლემებში პროფესიულ დონეზე გარკვეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოიწონეს ეს კანონი და მისი მრავალპარტიული მხარდაჭერისკენ მოუწოდეს პარლამენტს.

ეს ბრიფინგი ასევე მიმართულია იმ პირთა წრის მიმართაც, რომელსაც ათასობით ავტორი ჰქვია და რომელთა ფეხქვეშ გათელილი უფლებებიც უნდა აღადგინოს ახალმა კანონმა.

ჩვენი მიმართვა, ასევე ეხება ყველა დაინტერესებულ პირს და იმ უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოზე ზრუნვის ეგიდით შეშფოთებით აღვსილ წერილებს გზავნიან სხვადასხვა ოფიციალურ ადრესატთან.

მეგობრებო,  საქართველოში საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში არსებული განუკითხაობა და ვითარება არის მარტივი. აგერ უკვე 12 წელია ხსენებული დარგი გახრწნილი სქემით სამართავად მთლიანად მიბარებულია ორგანიზაცია ჯისიეიზე (GCA), რომელმაც ავტორთა ჰონორარები გაფლანგა, მისი თავმჯდომარე კი  გიგა კობალაძეზეა.

სწორედ ბატონი კობალაძეა საავტორო უფლებების სფეროში არსებული ფულადი ნაკადების მთავარი ბენეფიციარი, რომლის მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგი აუდიტმა მკაფიოდ შეაჯამა - გამქრალი და მოპარული 14 მილიონი ლარი, სფეროს არაერთი ფუნდამენტური დებულების დარღვევა და უგულებელყოფა. რაც მთავარია, არაერთი კონფლიქტი, განხეთქილების დათესვა ავტორთა შორის, მისი ორგანიზაციიდან პროტესტით წამოსული დამფუძნებლები და სამარცხვინოდ მიგდებული კაპიკები გახდა კობალაძის კანტორის საფირმო ხელწერა.

ამ ყველაფრის ფონზე, ბატონი კობალაძე ბედავს და კვლავ უტიფრად აგრძელებს საკუთარი კორუფციული სქემით აწყობილი ორგანიზაციის ლობირებას და ყოველ ღონეს ხმარობს შექმნილი ვითარების შესანარჩუნებლად. უცხოურ ორგანიზაციებს პირადი ურთიერთობის გამოყენებით იყენებს ლობისტებად, ხოლო ადგილობრივ პოლიტიკურ მოკავშირეებს - მოლაპარაკე თავებად.

სინამდვილეში, შეჭმული მილიონების გადასაფარად, გამოიგონა თითიდან გამოწოვილი ე.წ. რუსული გავლენების თემა, აატალახა ყველა კარი და გამოიგონა მორიგი, აბსოლუტურად უნიჭო ტერმინი - "ინტელექტის ოკუპაცია".

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, არანაირი რუსული ოკუპაცია ჩვენს გონებას და ინტელექტს არ ემუქრება და ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ქურდბაცაცა კობალაძის თანამდებობის შესანარჩუნებლად დადგმული სპექტაკლი, რათა კვლავაც გააგრძელონ ჩვენი ჰონორარების ფლანგვა, განიავება და საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენება. სინამდვილეში კი, ახლა ამ სფეროს მსუნაგი კობალაძისგან გათავისუფლება და დეოკუპაცია მიმდინარეობს, რისი შეჩერების უფლებას არავის მივცემთ.

გარდა იმისა, რომ კატეგორიულად ვემიჯნებით ამ ბოდვას, მთელი პრინციპულობით მივმართავთ სახელმწიფოს, საავტორო უფლებებთან კავშირის მქონე ყველა უწყების სახით, იქნება ეს პარლამენტი, საქპატენტი თუ სხვა:

გასული წლის ბოლოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელსაც მიესალმა და მხარი დაუჭირა ყველა ორგანიზაციამ, ვისაც კი შეხება აქვს ამ დარგთან. ეს პროცესი ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ევროპული საუკეთესო პრაქტიკის და რეკომენდაციების შესაბამისად, რამაც საბოლოოდ ავტორებს უნდა მოგვცეს ახალი კანონი. ეს კანონი არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენს დავიცავთ ჩვენს უფლებებს და ინტელექტუალურ საკუთრებას.

იმედია, ახლა ყველა ხვდება, თუ რატომ ცდილობს ეს ადამიანი ხელი შეუშალოს მიმდინარე პროცესს და შეინარჩუნოს არსებული ვითარება.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სახელმწიფოს არ აქვს სხვა გზა და არჩევანი, რათა გააჩეროს დაწყებული ჯანსაღი პროცესი. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და რაც შეიძლება მალე ის უნდა იქცეს კანონად. თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, აინტერესებს ტექნიკურ დეტალებში გათვითცნობიერება, მზად ვართ ავუხსნათ და გავაგებინოთ სად არის სიმართლე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 
დღის ამბები