20 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირი, 30 წლის წინ ჩადენილი, CIA-ის ჯაშუშის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს - რა დეტალები გაარკვია "კურიერმა"

ახალი დეტალები ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულების საქმეზე - "კურიერმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსით აიყვანა, კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.

საუბარია 1993 წელს "სი-აი-ეის" ჯაშუშის, ფრედი ვუდროფის მკვლელობაზე, რომელიც საქართველოში მოხდა. ანზორ შარმაიძემ ამ საქმეზე მკვლელობის ბრალდებით, 14 წელი მოიხადა. მან საპატიმრო 2008 წელს დატოვა. არსებული ცნობით, მან პროკურატურას განცხადებით მიმართა და საქმის ხელახალი გადახედვა მოითხოვა, რადგან აცხადებს, რომ მას ეს მკვლელობა არ ჩაუდენია.  

ახლა კი, ანზორ შარმაიძეს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან, კონკრეტულად კი ქურდული გარჩევის ორგანიზებას, რომლის საფუძველზეც დაზარალებულებს თანხების გადახდას აიძულებდნენ.

ანზორ შარმაიძის გარდა, ქურდული სამყაროს წევრობის კავშირისა და დახმარებისთვის დაკავებული არიან ანრი ხარაიშვილი, ასევე გიორგი შინჯიაშვილი.

ანრი ხარაიშვილის ადვოკატის თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიო მასალას, სადაც მუქარისა და შანტაჟის შემცველი საუბარი ისმის, არ ენდობა.

"საქმის მასალებს არ ვიცნობ... პრევენციული ხასიათის თვალსაზრისით, შეიძლება აღკვეთი შეუფარდეს, მაგრამ სასამართლოში დადასტურდება, რომ ამ ქურდულ გარჩევას არ ჰქონია, ფაქტობრივი  გარემოებები არ ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ოფიციალურად არ ვარ ჩართული. ეს ჩანაწერები რამდენად მართალია, არავინ არ იცის. გამოძიების მიერ შეკრებილ მასალებს მე არ ვენდობი პირადად," - ამბობს ადვოკატი, თამარ აბესაძე.  

დღის ამბები