20 სექტემბერი 2024,   04:00
ვრცლად
პარტია "ლელო" დიღომში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს

პარტია "ლელო" დიღომში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს. საკითხზე ბრიფინგი თბილისის საკრებულოში საბა ბუაძემ გამართა. დეპუტატი დედაქალაქში ქაოსურ განაშენიანებაზე საუბრობს და მერიას დიღმის პროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს.

"მთელი ახალი უბანი შენდება, 30-ზე მეტი კორპუსი, რომელთა საშუალო სართულიანობა არის 12-დან 21 სართულამდე და არის უზარმაზარი მშენებლობა. მაგრამ, ვერანაირი საჯარო ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს ასეთი მასშტაბის ახალ მშენებლობას. მივმართავ თბილისის მერიას, რომ ეს პროექტი იქნას გადახედილი," - აცხადებს საბა ბუაძე.

საკითხს დედაქალაქის მთავრობაშიც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ "ლელოს" განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ჯერ პროექტი დამტკიცებულიც არის.

"ჩვენმა კოლეგამ ჟურნალისტები და საზოგადოებაც შეიყვანა შეცდომაში. ნებისმიერი ფოტო მასალის ჩვენება ახლა არ არის რელევანტური, იმიტომ, რომ ჩვენ ვიღებთ გეგმარებით დავალებას. პროექტი უკვე შემდგომი ეტაპის საქმეა, როდესაც ამ დავალების შესაბამისად, დამკვეთმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი პროექტი. ჩვენ გავცემთ ისეთ რეკომენდაციებს და მივიღებთ ისეთ დავალებას, რომელიც გარწმუნებთ, რომ ამ ქალაქს თუ შემატებს ურბანულ სიკეთეს და არა ის, რომ საუბარი გვქონდეს ურბანულ გენოციდზე," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე.

 

 

 

 

დღის ამბები