"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით დღეს კულტურის კომიტეტზე განიხილავენ. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანი საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოებაა.
"ეს ის სფეროა, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურია, იმიტომ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან დებულებებსა და უფლებებს ეხება. ბუნებრივია, რომ მცდელობა უფრო სრულყოფილად და სამართლიანად დარეგულირდეს ეს სფერო, დიდ ყურადღებას საჭიროებს, შესაბამისად, ეს იყო ძირითადი პათოსი, რაც იყო მამოძრავებელი ამ საკანონმდებლო ინიციატივის," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.