20 სექტემბერი 2024,   01:23
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - სანადირო იარაღიდან დამიზნებით ნასროლ რამდენიმე ტყვიას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სანადირო იარაღიდან დამიზნებით ნასროლ რამდენიმე ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გივი კობერიძემ და მერაბ ზალუაშვილმა პენსია აიღეს, აფთიაქში წამლები იყიდეს და სოფლის ცენტრში ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. მათთან თანასოფლელი გიორგი ფარსადანიშვილი მივიდა, რომელმაც მოულოდნელად 71 წლის მოხუცები სასიკვდილოდ გაიმეტა. დანაშაულის ადგილი გურჯაანის რაიონი, სოფელი ველისციხეა.

მთავარი კითხვა, თუ რატომ ჩაიდინა საზარელი დანაშაული 32 წლის ახალგაზრდამ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ თანასოფლელები, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ველისციხეში რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, მათ შორის იმაზეც, რომ დანაშაულის მიზეზი შურისძიებაა. გამოძიების ვერსიით კი მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები, რომლებმაც დაინახეს თუ როგორ ისროდა ახალგაზრდა მამაკაცი პენსიონერების მისამართით.

ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შემდეგ, გიორგი ფარსადანიშვილი მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დატოვებიდან მალევე დააკავეს. "კურიერმა" კი გაარკვია, რომ მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევია. მოკლული მამაკაცების ოჯახის წევრები და ნათესავები მომხდარზე ვერაფერს ყვებიან. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მკვლელი დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამი იყო.

დაკავებულს ბრალი სავარაუდოდ ხვალ დაუზუსტდება, მანამდე კი გიორგი ფარსადანიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები