2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა. „საია-ს“ განცხადებით, შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის.
ორგანიზაცია დაზარალებული პირების უფლებებს იცავს და ამ ეტაპზე 19 პირის საქმეშია ჩართული. მათგან, 17 სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯამში 31 პირი დააკავეს, რომელთაგან ნაწილი სასჯელს დღემდე იხდის.
„სამწუხარო მოვლენა მოხდა 5 ივლის. სრულიად დაუგეგმავად, მოულოდნელად მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა. შედარებისთვის რომ გითხრათ, სანამ 5 ივლისი მოხდებოდა 6 წლის განმავლობაში ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლისთვის ჰქონდა 50 საქმეზე გამოძიება დაწყებული, ანუ ექვს წელზე მაქვს საუბარი. ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვქონდა, რომ ეს ჯგუფებიო თავდასხმას მოახდენდნენ ჟურნალისტებზე, მაგრამ მოხდა სამწუხარო ფაქტი. მყისიერად დავიწყეთ რეაგირება, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიდიოდა გამოძიება, ათასობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე, არაერთი ვიდეომტკიცებულება და ელექტრო მონაცემი იქნა შესწავლილი. საბოლოო ჯამში 31 ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთაგან ნაწილი დღესაც სასჯელს იხდის, ნაწილმა უკვე მოიხადა სასჯელი, ჯამში 100-ზე მეტი ადმინისტრაციულად დაკავებული პირი გვყავდა. სადაც იყო მტკიცებულებები ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად, სადაც არ იყო მტკიცებულებები, ბუნებრივია ამაზე გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.