20 სექტემბერი 2024,   01:12
ვრცლად
საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - ალექსი ბატიაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილის თქმით, საოკუპაციო ძალებმა, დღეს დილით, საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ მან სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ბატიაშვილის განმარტებით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორებიც.

"საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე. აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიან ოჯახებს", - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

 

დღის ამბები