20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
პირი, რომელმაც ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავებას თავი გაქცევით აარიდა, სამართალდამცავებმა გამოკითხეს - საქართველოს 6 მოქალაქე მეჯვრისხევის ტერიტორიაზე დღეს დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ექვსი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან - გოგა უზნაძე, მამუკა გელიაშვილი, ბექა ბეგიაშვილი, ტარიელ ქუჯიშვილი, ნიკა ბალიაშვილი და პაატა ბებნაძე. მათგან მეშვიდემ, ჯაბა დვალიშილმა გაქცევა მოახერხა. 

ჯაბა დვალიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველების კითხვებს პასუხობდა, თუმცა მედიის წარმომადგენლებთან შემთხვევის შესახებ არ უსაუბრია. 

როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები "კურიერთან" საუბარში ყვებიან, შესაძლოა ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ,  სავარაუდოდ მათ გზა აერიათ და შემთხვევით საოკუპაციო ძალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. 

"შეიძლება ნასვამები მოტყუვდნენ და შევიდნენ. ადრე ახალუბნიდანაც დაიჭირეს ბიჭები", - განაცხადა გატაცებული ტარიელ ქუჯიშვილის დედამ, გიული ხომასურიძემ.

სოფელი მეჯვირსხევი ოკუპირებულ სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული. საქართველოს მოქალაქეები თავდაპირველად სწორედ ბაზაზე, მოგვიანებით კი ცხინვალში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. 

ცნობისთვის, ამ ექვსი დაკავებული პირის გარდა ცხინვალის იზოლატორში საქართველოს კიდევ რვა მოქალაქე იმყოფება.

დღის ამბები