19 მაისი 2024,   04:01
ვრცლად
მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება - კონცერტს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს

"ოქროს ყელი საქართველოდან" - ასე უწოდეს მუსიკის კრიტიკოსებმა ლადო ათანელს და მისი ხმა ასკარატიან ბრილიანტს შეადარეს. მსოფლიოში ცნობილი ქართველი ოპერის მომღერალი, ბარიტონი, მსოფლიო საოპერო სცენების შემდეგ, ახლა უკვე საქართველოში სოლო კონცერტისთვის ემზადება.

ქართულ სცენაზე პირველად შესრულდება ფრაგმენტები ოპერებიდან "ფიდელიო", "ტაისი" და "ზაზა". საკონცერტო პროგრამაშია ფრანგული, იტალიური და გერმანული შედევრები.

გამოცდილებას, რომელიც მომღერალმა წლების განმავლობაში დააგროვა, ახალ თაობას უზიარებს. ლადო ათანელი, საკუთარი ფონდის დახმარებით, მუსიკალურ-შემოქმედებით გზას ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენით განაგრძობს და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება.

მუსიკალურ საღამოში, რომელიც განსაკუთრებულ თარიღს ეძღვნება, ლადო ათანელის ცხოვრებისა და შემოქმედების მთავარი კონცერტმაისტერიც მონაწილეობს. ორკესტრს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უხელმძღვანელებს.

ჟერარი, სკარპია ტონიო, მაკბეტი, ნაბუკო, რიგოლეტო - ლადო ათანელის მუსიკალური შემოქმედება მრავალფეროვანია, მის რეპერტუარშია 40-მდე საოპერო პარტია. არაერთი ჯილდო, წოდება და ვარსკვლავი ოპერის წინ, რამაც მომღერალს აღიარება მოუტანა. თუმცა ბარიტონისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც კონცერტია, რომელსაც მშობლიური თეატრის სცენა 12 ივლისს უმასპინძლებს.

დღის ამბები