20 სექტემბერი 2024,   01:11
ვრცლად
სტიქიის გამო სამეგრელოში მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი

წვიმის შედეგად სამეგრელოში სოფლების და ქალაქების ნაწილი დაიტბორა. ადიდებული მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, აბაშის, ფოთის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

უამინდობის გამო აბაშაში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. სადენების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ათასობით აბონენტს. მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას განცხადებით სამეგრელოში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და პრობლემის აღმოფხვრაზე იზრუნებს. 

„ვითარება სამწუხაროდ არ შეცვლილა უკეთესობისკენ. ყველა მუნიციპალიტეტში, რომელსაც სტიქია თავს დაატყდა გრძელდება სტიქიური მოვლენები. უკვე იქმნება კომისია და დღეს საღამოს, დაახლოებით შვიდი საათისთვის, ჩვენ გვექნება თათბირი, სადაც წინასწარი მონახაზები გვექნება მერებისგან და სხვადასხვა სამსახურებისგან, რომლებიც ოპერირებენ რეგიონში - ენერგო კომპანიები, გაზმომარაგება და ა.შ იქ გამოიკვეთება წინასწარი სურათი. თათბირს დაესწრება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შესაბამისი სამსახურები და შემდეგ უკვე გადავწყვეტთ სამოქმედო გეგმას. ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა“, - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას განცხადებით, სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები.

„ამ ეტაპისთვის ევაკუირებულია რამდენიმე ოჯახი. მუნიციპალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში და დღის განმავლობაში მუშაობდნენ საევაკუაციო რეჟიმის განსახორციელებლად, ასევე სხვადასხვა დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც იწყებს ზარალის შესწავლას“, - განაცხადა გიგა გაბელაიამ.

დღის ამბები