შენობების რეაბილიტაცია, სკვერების განახლება, საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება - რუსთავში მასშტაბური, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს."განახლებული რეგიონების" ფარგლებში, დიზაინ ბილდის მეთოდით, მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. განახლდა 12 შენობა, ბიუჯეტიდან კი თითქმის 17 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტირდა რუსთავის შესასვლელი. ამ ეტაპზე ქალაქში ათამდე შენობის განახლება და ველო ბილიკის მშენებლობა მიმდინარებს. სამუშაოების ღირებულება 15 მილიონ ლარს აჭარბებს. მეგობრობის გამზირის მიმდებარედ რეკრეაციული ზონისა და საგამოფენო სივრცის კეთილმოწყობა კი დასრულებულია. განახლდა ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერიც.
ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს მარნეულში, დმანისსა და ბოლსნისში. მოეწყობა მწვანე სივრცეები და შადრევნები. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია გარდაბანშიც. ქალაქში არსებული სკვერები უკვე რეაბილიტირდა. მოწესრიგდა კორპუსების გარე ფასადები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 11 შენობის სრული განახლება, რისთვისაც ბიუჯეტიდან, თითქმის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.
უკვე დასრულებულია ცენტრალური პარკისა და 4 შენობის რეაბილიტაცია წალკაში. თეთრიწყაროში კი თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე მოედანი განახლდა. რეაბილიტირდა გამგეობის მიმდებარედ არსებული პარკიც.
რეგიონების განახლების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა.
მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში სულ 31 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 84 მილიონი ლარი დაიხარჯება. ”განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.