საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ანგარიშის მიხედვით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია.
კერძოდ, მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 15 519.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 7.5 პროცენტით არის გაზრდილი.
გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საგრძნობლადაა მომატებული ექსპორტის მოცულობა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 4 670.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.6 პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ამასთან, მცირედით - 2.4 პროცენტით გაიზარდა იმპორტი და მისმა მოცულობამ 10 849.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 6 178.9 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ქვეყნის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტს წარმოადგენს.