უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია "ევროპული სოლიდარობის" წევრი ირინა გერაშჩენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში "სახელმწიფო ინსტიტუტები განულებულია", პრეზიდენტი მხოლოდ "თავის ჩაკეტილ წრეშია" და საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ სურს.
"ახლა უკვე ჟურნალისტები ცდილობენ ზელენსკის ვებგვერდზე პეტიციის დარეგისტრირებას, რომლის მოთხოვნა პრესკონფერენციის ჩატარებაა. იმისთვის, რომ ზელენსკი საბოლოოდ თავისი ჩაკეტილი წრიდან გამოვიდეს, WhatsApp-ში რჩეულ ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეწყვიტოს და საზოგადოებასთან დაიწყოს კომუნიკაცია.
პარლამენტის მოთხოვნაა, რომ, ზელენსკი დღეს აქ იყოს, ეს საკადრო ქაოსი მან მოაწყო, მობილიზაციისა და არმიის საკითხების მოგვარების ნაცვლად, ბლოგერებს ხვდება, მხოლოდ პარლამენტთან შეხვედრისთვის ვერ იცლის, რათა პირადად წარუდგინოს თავისი კანდიდატები პარლამენტს, რომლებიც 15-თვიანი პაუზის შემდეგ შემოგვთავაზა.
ბატონო თავმჯდომარევ, „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციაა, რომ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატები პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს - ეს უკრაინული და ევროპული პრაქტიკაა და უკრაინის დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში სწორედ ასე ხდებოდა. ეს წესი სწორედ ზელენსკიმ დაარღვია. მან საზოგადოებასაც და პარლამენტსაც უნდა აუხსნას, რატომ ათავისუფლებს ზოგს და რატომ ნიშნავს სხვას. ის პატიოსანი, კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანის, გენერლის სახელის გამოყენებით ცდილობს, რომ საკუთარი საკადრო ქაოსი, ჩავარდნები და არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები გადაფაროს.
თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტები გაანულეთ. ასე სახელმწიფოს მართვა არ შეიძლება. და საკითხი მხოლოდ ცალკეულ მიმართულებებს არ ეხება - პრობლემა სისტემაშია. თქვენ ეს სისტემა უბრალოდ გატეხეთ", - აცხადებს გერაშჩენკო.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე