საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი იმედოვნებს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა არ გაიზრდება და შოვში, სტიქიის ზონაში მყოფი ის 50 ადამიანი, რომელთანაც ამ ეტაპზე დაკავშირება ვერ ხერხდება, უსაფრთხო ზონებში იმყოფებიან. ამის შესახებ მან "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა და სტიქიის შედეგებსა და ამ წუთებში ადგილზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. დაახლოებით, 150 ადამიანზე მეტი უსაფრთხო ადგილზეა მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომელთა გადმოყვანაც ხვალ დილიდანვე მოხდება ვერტმფრენების საშუალებით. ხვალ თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი, დილიდანვე სამი ვერტმფრენი იქნება ჩართული საევაკუაციო სამუშაოებში.
50 ადამიანი, ვისთანაც ამ ეტაპზე დაკავშირება ვერ ხერხდება, ჩვენ ვიმედოვნებთ და არ გამოვრიცხავთ, რომ ამ 50 ადამიანიდან, იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ახლა უსაფრთხო ზონებია მოწყობილი ჩვენი მეხანძრე-მაშველების და პოლიციის მიერ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ რიგებში და მათ რიცხვში არიან. მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება, გადამოწმება. არის დუბლირებული ინფორმაციები, რომლის გადამოწმება და გაფილტვრაა საჭირო," - განაცხადა მღებრიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.