19 სექტემბერი 2024,   19:12
ვრცლად
მასშტაბურ სტიქიას რაჭაში ამ დროის მონაცემებით 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამძებრო სამუშაოები სამხედროებთან ერთად გრძელდება - ბოლო ამბები სტიქიის ეპიცენტრიდან

მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ. უკვე იდენტიფიცირებულია 7 ადამიანის ცხედარი. სტიქიის ზონაში ეძებენ 19 ადამიანს. ტრაგედიის ზონად ქცეული შოვი, უკვე მესამე დღეა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, ამის გამო კი ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენით გადმოასვენეს. მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სამძებრო ოპერაცია დილის 06:00 საათიდან განახლდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების საწარმოებლად უკვე მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები, რაც მაშველებს მიუვალ ადგილებში შესვლის შესაძლებლობას მისცემს. ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 - უშუალოდ სტიქიის არეალშია.

უკვე 3 დღეა სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში რჩებიან პოლიციის დანაყოფები, კინოლოგები, მოხალისეები. სამძებრო ოპერაციაში ჩართულია დრონებიც, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. ადგილზე შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროს მძიმე ტექნიკა მუშაობს. 400 მეხანძრე-მაშველს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით უკვე შეუერთდა თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი. სამძებრო სამუშაოებში, ჯარი, დღეს დილიდან ჩაერთო.

სამძებრო ოპერაციას ხელს უშლის მიწის მასა, რომელმაც კურორტი შოვი მთლიანად დაფარა. მაშველები, ჯარი და მძიმე ტექნიკა, პარალელურ რეჟიმში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, როგორც მდინარეში, ასევე მდინარის მიმდებარე ტერიტორიასა და უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში.

სტიქიის ზონა, დღეს დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებსაც დაათვალიერებინეს. მეწყრის დროს გაუჩინარებული მოქალაქეების ახლობლები, ეპიცენტრში ვერტმფრენით გაემგზავრნენ. ონში დაბრუნების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მათ სამძებრო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა.

უკვე 2 დღეა სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამუშაოებს, პარლამენტის თავმჯდომარე პირადად ეცნობა. განადგურებულ კურორტზე ჩავიდა დღეს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და ნათესავებს მიუსამძიმრა და მაშველებს, პოლიციას და ჯარს ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, სამძებრო სამუშაოებისთვის ყველა საჭირო რესურსი უზრუნველყოფილია და დამატებითი საჭიროება არ დგას.

სტიქიის ზონაში, სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები