15 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ნინო ლაცაბიძე ოპონენტებს ეკონომიკურ საბოტაჟში ადანაშაულებს - რას პასუხობენ რუსთავის მერის ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო"

რუსთავის მერი ოპოზიციას ქალაქში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების უგულებელყოფის გამო, საბოტაჟში ადანაშაულებს. ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ მარტის შემდეგ, საკრებულოში 9 პროექტი შევიდა, რომელმაც რუსთავს 100 მილიონიანი ინვესტიცია უნდა მოუტანოს, თუმცა, ოპოზიციას ეს საკითხები ჯერ ინფრასტრუქტურის კომისიაზეც არ გაუტანია. ქალაქის მერი ფიქრობს, რომ ოპონენტები საინვესტიციო პროექტებს მიზანმიმართულად აფერხებენ, ამ ფორმით კი, რუსთავის განვითარებას ხელს უშლიან. ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარეს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

პროექტების გაჭიანურების მიზეზად საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარეც "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, ნოდარ შეროზია გიორგი გახარიას პარტიის წევრია, თუმცა ის ამბობს, რომ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს არაერთხელ ესაუბრა და საკითხების კომისიაზე გატანა მოსთხოვა. თავმჯდომარის თქმით, თუკი აღნიშნულ პროექტებს კომისია სექტემბერში დღის წესრიგში არ ჩასვამს, მაშინ სხდომაზე ამ საკითხს ის თავად დააყენებს. მისივე ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, რეგლამენტიც დაარღვია.

თავად რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებენ, რომ რეგლამენტი არ დარღვეულა, ის პროექტები კი, რომელზეც ნინო ლაცაბიძე საუბრობს, მათი თქმით, ინფრასტრუქტურის კომისიაზე სექტემბერში გავა. მეტიც, ბრალდებები დღეს ოპოზიციის მხრიდან სწორედ მერის მისამართით გაისმა.

საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოპოზიცია ხელოვნურ ბარიერს ყველა იმ პროექტს უქმნის, რომელიც ქალაქის განვითარებისთვისაა დაგეგმილი და ეს შემთხვევაც, მათი თქმით, პირველი არ არის. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა დღეს ბიუჯეტის დამტკიცების საკითხიც გაიხსენეს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მათი ოპონენტები ბოიკოტს უცხადებდნენ და არ ამტკიცებდნენ.

რუსთავის საკრებულოში განვითარებული პროცესები დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც შეაფასა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ამ ფორმით ხელისუფლების პოზიციების შესუსტებას ცდილობს, რაც, რეალურად, მისი თქმით, მხოლოდ მათივე რეიტინგებს ამცირებს.

კონკრეტულად როდის გამოვა 100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტები რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, ჯერ უცნობია, პირველ ეტაპზე აღნიშნული საკითხი ინფრასტრუქტურის კომისიამ უნდა განიხილოს, თუმცა, ჯერჯერობით საკრებულოში კომისიის სხდომა ჩანიშნულიც არაა.

დღის ამბები