20 სექტემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"კავკასიის ფერები" - მდგრადი მოდის ფლაგმანი საქართველოში

თუკი კვების სექტორში ჯანსაღი პროდუქტების მნიშვნელობა გაიზარდა, მოდის სფეროში გაჩნდა ტერმინი „მდგრადი მოდა“, რომელიც წარმოებისა და მოდის სისტემის ეკოლოგიურ უზრუნველყოფას გულისხმობს. ამას მეორენაირად „მწვანე“ ან „ეკო-მოდასაც“ უწოდებენ ხოლმე. მდგრადი მოდის მიზანი მასალის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობის ხელშეწყობა, ნარჩენების რაოდენობის შემცირება და გარემოზე ზრუნვაა. საბედნიეროდ, ამ გლობალურ გამოწვევას ქართულმა ბაზარმაც უპასუხა. სწორედ ასეთი კომპანიაა „კავკასიის ფერები“ - ნინო იოსელიანის მიერ დაფუძნებული სტარტაპი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ანა ჩანგიანიც შეუერთდა. მათ პირველ ერთობლივ კოლექციას საზოგადოება ბათუმში 2 სექტემბერს იხილავს. მანამდე კი იმის შესახებ მოგიყვებით, როგორ გააგრძელა „კავკასიის ფერებმა“ ისტორია და კოლხი მედეას სამკურნალო მცენარეებით, თანამედროვე, ქართული, ნატურალური და რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქტი შექმნა.

ნინო იოსელიანი (დიზაინერი, მარკეტოლოგი): „იმ სიკეთესთან ერთად, რომელიც ტანსაცმელსა და მოდის ინდუსტრიას საზოგადოებისთვის მოაქვს, არსებობს ერთი ძალიან დიდი პრობლემაც... ეს ინდუსტრია, ნავთობის პარალელურად, გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელია. ამ უარყოფით ფაქტორს ბოლო პერიოდში საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ძალიან დიდი მოძრაობა დაიწყო. ევროკავშირმა გამოსცა კანონი და ტანსაცმლის ბრენდები დაავალდებულა, 2030 წლისთვის ტანსაცმლის დეტოქსიკაცია მოახდინონ: გამოიყენონ ნაკლები ქიმია და გადავიდნენ ნატურალურ საღებავებზე, რათა არ დაბინძურდეს გარემო.

ეს მიმდინარეობა კვების ინდუსტრიიდან დაიწყო, რითიც ჯანმრთელი და ნატურალური საკვების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შესაბამისად, ჯანსაღი პროდუქტების წარმოების პროცესი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შემდეგ ამ ყველაფერმა სილამაზის ინდუსტრიაში გადმოინაცვლა და ადამიანებმა თავის მოვლის ნატურალური პროდუქტების შეძენა აქტიურად დაიწყეს; ახლა კი ამ ტენდენციამ ტანსაცმლისა და მოდის ინდუსტრიამდეც მოაღწია. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე, სანამ ქიმიური საღებავები შემოვიდოდა, საქართველოში ნატურალური ღებვა საკმაოდ კარგად იყო განვითარებული. ესპანელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ აღვადგინეთ ძველი ქართული რეცეპტები, მოვარგეთ ისინი დღევანდელ ეპოქას და შევქმენით თანამედროვე პროდუქტი. ვქმნით ქსოვილს და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქართულ ბრენდთან“. 

ანა ჩანგიანი (დიზაინერი, PR-ის სპეციალისტი): „სტარტაპი „კავკასიის ფერები“ ჩემთვის აღმოჩენა და იმ ბედნიერ წლებში დაბრუნებაა, როდესაც მე თავად ვღებავდი, ვქმნიდი მასალას თექის წარმოებისთვის და ვიზიარებდი ხელოვნების იმ საოცარ ენერგიას, რომელიც ფერებს ჩემგან დამოუკიდებლად ქმნიდა... 

როცა მე და ნინო პარტნიორები გავხდით და ჩვენს ყველა ცალკეულ პროექტზე ერთობლივი ძალებით დავიწყეთ მუშაობა, „კავკასიის ფერების“ ისტორიის ფუნდამენტური საფუძველი აღმოვაჩინე. ეს უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც წლებია, არსებობს და პროფესიონალების მიერ აღიარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც, ერთი მხრივ, სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, ხოლო, მეორე მხრივ, ძალიან მოდური, ელეგანტური და ლამაზია. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ახალ კოლექციაზე მუშაობა დავიწყეთ. ჩემი ჩართულობა, პიარისა და მარკეტინგის კუთხით, ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ შეაფასებს საზოგადოება ჩვენს პირველ ერთობლივ საგამოფენო კოლექციას, რომელსაც ბათუმში 2  სექტემბერს  გალერეა „იკიგაიში“ წარვადგენთ“. 

ნინო იოსელიანი (დიზაინერი, მარკეტოლოგი): „ჩვენი ბოლო კოლექცია კიმონოებისგან შედგება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ამ კოლექციისთვის თარგი სპეციალურად შექმნა David’s Road-მა. ეს ხალათები 100%-იანი ბამბისგანაა დამზადებული და სამკურნალო მცენარეებითაა შეღებილი. ეს ის მცენარეებია, რომელთაც კოლხი მედეა იყენებდა. როგორც ისტორიულად ვიცით, თავის ბაღებში, რომელთა ნანგრევებიც ხვამლის მთის ძირში დღემდე შემორჩენილია, მედეას 52 სახეობის სამკურნალო მცენარე ჰქონდა დარგული. სწორედ ეს ისტორია გახდა ჩვენი ინსპირაცია და ამ კოლექციის კონცეფციაც ეს გახლავთ. ბათუმში 32 ერთეული სამოსი იქნება წარმოდგენილი, სხვადასხვა ფერთა გამით, ტონითა და ვიზუალით. რაც მთავარია, ეს იქნება სამოსი, რომელიც შეიძლება მოიხმაროს ყველამ, წელიწადის ნებისმიერ და ნებისმიერ სიტუაციაში. ბათუმში წარდგენის შემდეგ ჩვენი კიმონოები გაიყიდება „ქარვასლაში“, „ბაზარი ორბელიანზე“ და სხვა ლოკაციებზე. გულწრფელად რომ გითხრათ, კოლექცია ძალიან საინტერესო გამოვიდა. ვნახოთ, როგორ შეხვდება მას საზოგადოება. „კავკასიის ფერები“  აქტიურად იწყებს მუშაობას შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე. ვმუშაობთ კონცეფციაზე და ვფიქრობთ, რა შევთავაზოთ მომხმარებელს“. 

„კავკასიის ფერები“ 2019 წელს შეიქმნა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ ტექსტილს: აბრეშუმს, შალს, ბამბასა და სელს, რომელიც ნატურალური საღებავებითაა შეღებილი. ისინი იყენებენ სამკურნალო მცენარეებსა და მინერალებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და არ აზიანებს გარემოს.




დღის ამბები