19 სექტემბერი 2024,   02:36
ვრცლად
დასავლეთ საქართველოში თხილის კრეფისა და გადამუშავების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა - მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში, 90 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო

დასავლეთ საქართველოში თხილის კრეფისა და გადამუშავების პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული. ათასობით ტონა მოსავლის გადამუშავებას ახლა ის საწარმოები ახორციელებენ, რომლებსაც საკუთარი პროდუქცია მთლიანად ევროკავშირის ბაზარზე გააქვთ. შესაბამისად გაზრდილია მოთხოვნა ხარისხიან თხილზე, რომელიც წელს არც ისე ბევრია. სპეციალისტების განმარტებით, ორი მიზეზი აქვს - უამინდობა და ბაღების მოუვლელობა. ამ დროისთვის სამეგრელოში თხილის ფასი ხარისხის მიხედვით 3 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე მერყეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდირებით, რომლის საშუალებითაც მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებენ.

იმ ფერმერებს, რომლებმაც თხილი არანაკლებ 3 ჰექტარ ტერიტორიაზე გააშენეს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჰექტარზე 500 ლარი გამოუყო. ამ თანხით, თხილის ბაღების მესაკუთრეებმა ის პრეპარატები და მოწყობილობები შეიძინეს, რაც ხარისხიანი მოსავლის მისაღებად მთავარი წინაპირობა აღმოჩნდა.

ფერმერებს თხილის ბაღში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შეხვდა და კრეფის პროცესსაც გაეცნო. მინისტრმა იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ მეთხილეობის განვითარებისთვის მოამზადა.

მოგვიანებით, თხილის მიღების პროცესს მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოქმედი ჯეო ნატსის ქარხანაში დააკვირდა. შეხვდა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს.

საწარმოში წელიწადში 4,000 ტონამდე თხილისგან, სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული.

თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშემწყობი პროგრამის მიზანი, ფერმერების სტიმულირებაა. მათ შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ის შესაბამისი ტექნიკა, რაც მოსავლის ხარისხიანობის გაზრდისთვის საჭირო ნივთიერებების სუბსიდირებას გულისხმობს.

მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამაში 90 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო. მათ ჯამში 20 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღეს. ქართულ ხარისხიან თხილზე კი, ყველაზე მაღალი მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებშია.

დღის ამბები