20 სექტემბერი 2024,   04:56
ვრცლად
ცენტრალური მოედანი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სკოლა-პანსიონის შენობა და სკვერი - ხაშურში ობიექტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ცენტრალური მოედანი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სკოლა-პანსიონის შენობა და სკვერი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ობიექტებისა, რომლებსაც ხაშურში რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ქალაქს სამუშაოების დასრულებისთანავე მოუგვარდება მთავარი პრობლემა - სასმელი წყალი, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებს ჯერჯერობით, გრაფიკით მიეწოდებათ. 

ხუთწლიანი პროექტი საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და საერთო ღირებულება 225 მლნ ლარს აღემატება. 

რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხაშურის ცენტრალურ მოედანზეც. ქალაქში რესტავრაცია ჩაუტარდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის შენობას და სკვერს. განახლებულია ლესელიძის და კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადები. უკვე დასრულდა სკვერების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა.  

სამუშაოები მიმდინარეობს ტაბიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში. დამონტაჟდა განათებები, მოეწყო საბავშვო სივრცეები და სკეიტბორდის მოედანი. პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს ზემო სერის ტყე-პარკშიც, რომელიც სპორტულ და რეკრეაციულ სივრცეს აერთიანებს. ადგილზე დაგეგმილია ამფითეატრის განახლებაც.

სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, "განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში" მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მოსახლეობის საჭიროებებზე მთლიანადაა მორგებული.

სახელმწიფო განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციას 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 500 მლნ ლარია გამოყოფილი. 

 

დღის ამბები