20 სექტემბერი 2024,   04:54
ვრცლად
შრომითი მიგრაციის კანონში შესული ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა - რა სიახლეებია შუამავლი კომპანიებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს ქვეყნის გარეთ სამუშაოს პოვნაში ეხმარებიან

თაღლითობისა და ტრეფიკინგისგან თავის დასაცავად, შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები შევიდა.

დღეიდან, შუამავალი კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამუშაოს პოვნაში ეხმარებიან, ამ მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებენ თუ სპეციალურ პორტალზე არ დარეგისტრირდებიან და სერთიფიკატს არ აიღებენ.

კანონში შესული ცვლილება ეხებათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ასაქმებენ.

უცხოელებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში მუშაობა და შესაბამისი საბუთების მიღება სურთ, ასევე სავალდებულო ხდება სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია.

დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, შრომითი მიგრაციის , კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიიღეს. საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით, სიახლე ძალაში დღეიდან შევიდა. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, ვალდებულები არიან რეგისტრაცია გაიარონ და სერთიფიკატი მოიპოვონ. უმჯობესდება საზღვარგარეთ დასაქმებულთა მონაცემების აღრიცხვის სისტემა.

ცვლილება იმ კომპანიებსაც ეხებათ, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართულ ბაზარზე ასაქმებენ. ახალი კანონის მიხედვით, უცხოეთიდან ჩამოსული, დასაქმების მსურველთა აღრიცხვა, ელექტრონულ სისტემაში მოხდება. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სიახლის მთავარი მიზანი შრომითი უფლებების დაცვაა.

ცვლილებების ეფექტურობის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელთაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგის ეფექტური სისტემა ჩამოყალიბდება. დამსაქმებელი კომპანიების სახელმწიფო სერტიფიცირების პროცესი კი სამუშაოს მსურველთა უსაფრთხოების გარანტი იქნება.

დღის ამბები