20 სექტემბერი 2024,   04:45
ვრცლად
კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან - სახელმწიფო საწარმოებმა დაზიანებული ყურძნის ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღეს

ახმეტა, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი და ყვარელი - კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ მოსახლეობა შემოსავლისა და მოსავლის გარეშე დატოვა. ფერმერების მთავარი საზრუნავი დაზიანებული ყურძნის ჩაბარება გახდა.

კახეთის 5 მუნიციპალიტეტიდან, სტიქიამ ყველაზე მძიმე კვალი ახმეტასა და თელავში დატოვა, სადაც მოსავლის თითქმის 100%-ია განადგურებული. ფერმერებისთვის ყველაზე რთულ დროს, სახელმწიფო  საწარმოებმა დაზიანებული ყურძნის ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღეს. სეტყვის საწინააღმდეგო ღრუბლის დასაშლელად 400-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს.

ძლიერი ქარი და წვიმა კახეთის რეგიონში ნახევარი საათი გაგრძელდა. ვენახებისა და ბაღების გარდა წაიქცა მაღალი ძაბვის ელექტრობოძები, ელექტროგადამცემი ხაზები. მუნიციპალიტეტების ნაწილს დენი არ მიეწოდებოდა. სტიქიამ მარტო თელავში დააზიანა 100-ზე მეტი სახლი და ნაწილი სახურავის გარეშე დატოვა.

ვენახზე შერჩენილ დაზიანებულ ყურძენს საწარმო 90 თეთრად ჩაიბარებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოს ყველა რესურსი უკვე მობილიზებული აქვს. მიღებული გადაწყვეტილება დღეს დაზარალებულებმა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც მოისმინეს. თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. მინისტრის მოადგილე დღის ბოლოს, რთველის საკოორდინაციო შტაბში შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო და ინფორმაცია ზოგადად რთველის მიმდინარეობისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესახებ მიიღო.

ძლიერმა სეტყვამ კახეთში 5 მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების დროულ გამოყენებაზე განცხადება გაავრცელა სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ", სადაც ნათქვამია, რომ კახეთის რეგიონში დამუშავდა სულ 10 საშიში კერა, გაისროლეს 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. სისტემების დროული ჩარევის საკითხზე განმარტება გააკეთა კახეთის გუბერნატორმაც.

კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. სტიქიის შედეგად მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება აუნაზღაურებს. ზიანის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია, დათვლა უკვე დაწყებულია.

დღის ამბები