20 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა სოჭში - შედგა თუ არა მარცვლეულის შესახებ შეთანხმება და რას ითხოვს მოსკოვი

უშედეგო შეხვედრა სოჭში - პუტინის და ერდოღანის საათნახევრიანი საუბრის შემდეგ, გაირკვა მხოლოდ ის, რომ შედგება კონსულტაციების ახალი პაკეტი, გაეროსთან ერთად შეთანხმების აღდგენის თაობაზე.

თუმცა, ამის მთავარი პირობა, მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაა. მათ შორის, ერთ-ერთი რუსული ბანკის "სვიფტის" სისტემასთან ისევ მიერთება. პუტინი ირწმუნება, რომ რამდენიმე დღეში მიუბრუნდება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, თუკი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

"ჩვენ მზად ვიქნებით განვიხილოთ მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობა. ჩვენ ამას მაშინვე გავაკეთებთ, როგორც კი სრულად განხორციელდება მასში დაფიქსირებული რუსული აგროინდუსტრიული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ ყველა შეთანხმება. თავის მხრივ, რუსეთს, მიუხედავად ყველა ჩრდილოვანი დაბრკოლებისა, სურს განაგრძოს სურსათისა და სასუქის ექსპორტი,"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სოჭში ჩასვლის მთავარი მიზანი იყო, დაერწმუნებინა პუტინი, ისევ მიერთებოდა ანკარის და გაეროს შუამავლობით მიღწეულ, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, რომელსაც მოსკოვი ივლისში გამოეთიშა. სოჭში ჩასულმა ერდოღანმა ჯერ კიდევ მოლაპარაკების დაწყებამდე გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება.

"შავი ზღვის ინიციატივამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მარცვლეული ყველაზე მეტად სჭირდება, დღის წესრიგში განხილული ალტერნატიული წინადადებები მდგრადი, უსაფრთხო და დამაკმაყოფილებელია, ისევე როგორც შავი ზღვის ინიციატივა. რუსეთის მოლოდინები ინიციატივის განახლებასთან დაკავშირებით ყველა მხარისთვის კარგად არის ცნობილი. მიგვაჩნია, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს ხარვეზების აღმოფხვრით. მე გულწრფელად გავუზიარე ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს ძვირფას მეგობარს ჩვენი ორმხრივი შეხვედრის დროს. ამ კონტექსტში, გაეროსთან კონსულტაციით, ჩვენ მოვამზადეთ წინადადებების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან პროგრესს. მე მჯერა, რომ პროცესით შესაძლებელია შედეგის მიღწევა," - ამბობს ერდოღანი.

ერდოღანის და პუტინის მოლაპარაკებების დაწყებამდე, გავრცელდა უკრაინის საექსპორტო მარცვლეულის საწყობზე, რუსეთის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმის ფოტომასალა. კადრები ოდესაშია გადაღებული. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებამ, საშუალება მისცა უკრაინას, 2022 წლის ზაფხულის შემდეგ, მისი პორტებიდან უსაფრთხოდ თითქმის 33 მილიონი ტონა მარცვლეული გასულიყო.

რუსეთმა შეთანხმება დატოვა იმის გამო, რომ მისი თქმით, არ არსებობდა ანალოგიური გარიგება, რომელიც რუსული მარცვლეულის და სასოფლო სამეურნეო სხვა პროდუქტის ექსპორტზე შეზღუდვებს მოხსნიდა. პუტინმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი სიცრუეში და თქვა, რომ უკრაინული მარცვლეულის დიდი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებში შევიდა და არა მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ის რეალურად საჭირო იყო.

დღის ამბები