20 სექტემბერი 2024,   04:14
ვრცლად
ავტომობილის გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება - რამდენი ლარით დაჯარიმდებიან სამართალდარღვევის შემთხვევაში მძღოლები

გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დღეიდან დაიწყო. ვიზუალურად საეჭვო ფაქტორების აღმოჩენისას მანქანა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად გაივლის მონიტორინგს.სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს - 100 ლარის, იურიდიულ პირს კი 500 ლარის გადახდა მოუწევს, დარღვევის განმეორებით ჩადენის დროს ჯარიმები გასამმაგებული იქნება.

გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობას მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები გაუწევენ. სპეციალურად გადამზადებული 3 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, შესაბამისი გერმანული ხელსაწყოს მეშვეობით, ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებას გამოავლენს. მოძრავ ეკიპაჟებს ქალაქში მოსიარულე ავტომანქანების საეჭვო გამონაბოლქვის მოძებნა, შემდეგ კი ფოტოგადაღება ევალებათ. მონიტორინგი საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.

ავტომობილის დაჯარიმებულ მფლობელებს ჯარიმის გასაჩივრებაც შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუკი მანქანის მეპატრონე სპეციალური ეკიპაჟის გამოწერილ შედეგებს არ დაეთანხმება, მას 2 საათში შეუძლია ავტომანქანა მისთვის სასურველ ტექინსპექტირების ნებისმიერ ცენტრში გადაიყვანოს და ტექდათვალიერება თავიდან გაიაროს. თუ კონკრეტულ ცენტრში გამონაბოლქვის განსხვავებული შედეგები დაფიქსირდება, ჯარიმა ანულირდება. "კურიერთან" დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების მეპატრონეები ჰყვებიან, რომ აღნიშნული ინიციატივა გარემოს დაცვის თვალსაზრისით მისასალმებელია.

ხილული გამონაბოლქვის კონტროლის მნიშვნელობაზე კანონპროექტის ავტორებიც საუბრობენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ცვლილება ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. მაია ბითაძის თქმით, კანონპროექტი, რომლის შექმნაშიც ამომრჩევლები თავად იყვნენ ჩართულები, შედეგს მალე გამოიღებს.

საკანონმდებლო ცვლილება ძალაში დღეიდან შევიდა. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი. ინიციატივის ავტორები მონიტორინგის არეალის გაფართოებასაც აანონსებენ.

დღის ამბები