20 სექტემბერი 2024,   03:55
ვრცლად
წყალდიდობა თურქეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთში - დატბორილი ქალაქები, წყალდიდობის უმძიმესი საათები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში წყალდიდობამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად ანკარა, სტამბოლი, ბურსა და საკარია დააზარალა. არიან დაკარგულები, სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ასობით ადამიანი და ავიაციაა ჩართული.

სტამბოლში წყალდიდობამ დააზიანა 2000-მდე სახლი და ბიზნეს ობიექტი. ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა ქუჩები. დაიხურა რამდენიმე მეტროსადგური. წყალი შევიდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, სადაც მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რესტორნებში მყოფი ტურისტები კი მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ სიკვდილს, რომ შენობის სახურავებზე ასვლა მოასწრეს.

საბერძნეთის საპორტო ქალაქ ვოლოსიში კი, წყლის უზარმაზარმა ნაკადმა ავტომობილებში მყოფი ადამიანები გაიტაცა. ადგილობრივების ნაწილმა გადარჩენა შეძლო, ნაწილი კი დაიხრჩო.

მასშტაბურ წყალდიდობასთან გამკლავება საბერძნეთს, ძლიერი ხანძრებიდან 2 კვირის თავზე უწევს. ქუჩებში წყალი მდინარეებად მოედინება. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ერთ დღეში იმდენი ნალექი მოვიდა, რაც რამდენიმე წელიწადში შეიძლებოდა მოსულიყო. კრიზისული სიტუაციის გამო ქალაქ ვოლოსის მერი სტიქიის ზონაში ჩავიდა და დატბორილ ქუჩაში მძღოლებს პირადად სთხოვა სახლში დარჩენა.

პილონის რეგიონსა და ტურისტულ კუნძულ სკიათოსთან 5 ადგილობრივს ამ დრომდე ეძებენ, დაღუპულია ორი. წყალდიდობამ საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ქვათაცვენა გამოიწვია, რის გამოც საავტომობილო გზების ნაწილი ჩაიხერგა. დაინგრა ხიდები. ელექტროენერგია არ მიეწოდება ათობით ქალაქს. ქვეყნის პრემიერი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს.

წყალდიდობამ მასშტაბური ზიანი მიაყენა ბულგარეთსაც. შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, ეძებენ დაკარგულებს. დატბორილია სახლები, გზები და ხიდები. მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ ცარევოშია სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ათობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიის ზონაში დაბინძურდა სასმელი წყალი.

ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი - სამივე ქვეყანაში სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან, რის გამოც ჯერ ზარალის დათვლა ვერ ხერხდება. მთავრობა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები