20 სექტემბერი 2024,   05:11
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი- სამ სოფელში ასი სახლია დაზიანებული

ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა ერთდროულად, ხილვადობა 5, მაქსიმუმ 10 მეტრი - სტიქია რომელიც ადგილობრივების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

გზის სავალ ნაწილებზე გადაყრილი გადახდილი სახურავები, მოწყვეტილი ელექტროსადენები და ბოძები, ასევე, საკმაოდ მოზრდილი ხეები, რომლებიც ქარმა გადატეხა, ან ზოგ შემთხვევაში, ფესვიანად მოგლიჯა. სტიქიამ გაანადგურა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები და რაც მოსახლეობისთვის ახლა ნომერ პირველი საზრუნავია, სახლები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ ლაგოდეხში, მინიმუმ, 100 სახლი დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ბაისუბანში. ადგილობრივები "კურიერთან" საკუთარ ზარალს აღწერენ, გარდა ამისა, იხსენებენ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები სტიქიის დროს.

სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია. ამ ეტაპზე ჩახერგილი გზები უკვე გაწმინდეს. მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენასა და სხვა პრობლემების მოგვარებაზე, რაც ინფრასტრუქტურის დაზიანებამ გამოიწვია. ხაზების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე სამი სოფლის 6 ათასამდე აბონენტი დარჩა. ტექნიკური სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

ეს კახეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტიქიის უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად 5 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მეტად ახმეტა და თელავი დაზიანდა.

დღის ამბები