20 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
რა გახდა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზი და რა მასშტაბისაა ზიანი - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

ეროვნული არქივის მთავარ შენობასთან მდებარე ნაგებობაში, ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად, საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე, გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები. მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ათამდე სახანძრო ჯგუფი იყო ჩართული.

მომხდარზე მალევე განცხადება გამოაქვეყნა ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ხანძარი იმ შენობაში გაჩნდა, სადაც ნიტროფირები იყო განთავსებული.

რა მასშტაბის ზიანზეა საუბარი და რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი - გამოძიების დასრულების მოლოდინშია იუსტიციის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ საცავში განთავსებული მასალები გაციფრულებულია, თვითაალებადი კინოფირების დასაცავად კი შენობა საჭირო სისტემებით აღჭურვილი იყო.

სტუდია ქართულ ფილმსა და მემატიანეში, უსაფრთხოდ არის დაცული 55 ათასამდე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური, ორიგინალი კინოფირი. "არსენა", "ხანუმა", "ელისო" - ეს იმ უძველესი ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უკვე გაციფრულებულია. შენახულია შედარებით ახალი, მეოცე საუკუნის ბოლოს გადაღებული კინოს ასლებიც. სტუდია მემატიანეს დირექტორი ამბობს, რომ ეროვნულ არქივთან ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობენ.

ეროვნულ არქივთან გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები