20 სექტემბერი 2024,   05:07
ვრცლად
გადაწყვეტილება მიღებულია - უკრაინულ მარცვლეულზე დაწესებული შეზღუდვები აღარ გახანგრძლივდება

უკრაინამ ანდრიივკა დაიბრუნა, ახლა იქ უკრაინის დროშა ფრიალებს. კრემლს ამის აღიარება უჭირს, რადგან ბახმუტის სამხრეთით არსებული სოფელი, მაისის შემდეგ, მათ კონტროლქვეშ იყო. უკრაინელი სამხედროების სამთვიანმა მძიმე ბრძოლამ შედეგი გამოიღო, უკვე დღეს უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მნიშვნელოვან პროგრესზე საუბრობენ, მათ შორის თავად ბახმუტში და მელიტოპოლში. მიმდინარე კვირის დიდი გამარჯვება იყო ანექსირებულ ყირიმში რუსულ ფლოტზე წარმატებული თავდასხმაც. 

ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა ევროკომისიასაც უთხრა, რომელმაც უკრაინულ მარცვლეულზე დაწესებული შეზღუდვები აღარ გაახანგრძლივა. ქვეყნებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ შეუერთდებიან, კიევი "ცივილიზებულ პასუხს" გასცემს - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. ასეთი კი რამდენიმეა - მათ შორის უნგრეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი. ეს უკანასკნელი უკრაინას ყველანაირად ეხმარება და არც მარცვლეულის ტრანზიტზე ეტყვის უარს, თუმცა მათთვის პრიორიტეტული ახლა შიდა ბაზრის სტაბილურობაა. ამიტომაცაა, რომ რიგმა ქვეყნებმა არ გაითვალისწინეს ევროკავშირის მოწოდება, რომ ინდივიდუალური მიდგომებისგან თავი შეეკავებინათ. 

გარანტიები კიევსაც სჭირდება, იმის, რომ აშშ-ში მოახლოებული არჩევნები ვაშინგტონის განწყობებს არ შეცვლის. ეს უკრაინისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინთან ვიზიტის შემდეგ ჯერ კიდევ რუსეთში რჩება და თავდაცვის მინისტრის გიდობით ეცნობა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს. იმ დანადგარებსა და სისტემებს, რომლითაც რუსეთი უკრაინას ბომბავს. ფხენიანისა და მოსკოვის განახლებულ მეგობრობას 21 სექტემბერს ოვალურ კაბინეტშიც შეეხებიან, სადაც ზელენსკის პირადად ჯო ბაიდენი უმასპინძლებს.

ჩრდილოატლანტიკურ სიბრტყეში არანაირი ნიშნები არ იკითხება იმისა, რომ უკრაინის მიმართ ახლო მომავალში პოზიციებს შეცვლიან, მეტიც, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ევროპელი მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რეგიონული უსაფრთხოების დასაცავად უკრაინამ გამარჯვებამდე იბრძოლოს. კიევისთვის ახალი მხარდამჭერი პაკეტები უკვე მზადდება.

რუსეთისთვის დისკომფორტის შესაქმნელად საერთო ძალისხმევის შედეგია ისიც, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსად, რუსეთში დარეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში აღარც პოლონეთი და ფინეთი შეუშვებენ. კრემლისთვის არ გამოირიცხება არც ახალი, მე-12 სასანქციო პაკეტი. 

დღის ამბები