06 ოქტომბერი 2024,   23:14
ვრცლად
სექტემბრის ძლიერ მეორე ნახევარს ვამზადებთ, როგორც ღონისძიებებით და პარტნიორებთან ჩვენი საერთაშორისო მუშაობის მიმართულებით, ისე გადაწყვეტილებებით, რომლის რეალიზებას უკრაინაში მოვახდენთ - ზელენსკი

ომის 571-ე დღე უკრაინაში - საჰაერო თავდასხმის გამო განგაშის სიგნალი ღამით მთელ უკრაინაში ისმოდა. საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდიდან ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის ადგილზე ამ დრომდე მაშველები მუშაობენ.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ფრონტის ხაზზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკის ოლქის კლიშივკას რაიონში რუსული ძალების 13 თავდასხმა მოიგერიეს.

ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთი მონაცემებს ისევ არ ასაჯაროებს. თუმცა, გასული დღე-ღამე რომ მოსკოვისთვის რთული აღმოჩნდა, ამას ​რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ მოსკოვსა და ყირიმზე დრონებით თავდასხმა სცადა.

"სექტემბრის ძლიერ მეორე ნახევარს ვამზადებთ. ის ძლიერი იქნება როგორც ღონისძიებებით და პარტნიორებთან ჩვენი საერთაშორისო მუშაობის მიმართულებით, ისე გადაწყვეტილებებით, რომლის რეალიზებას აქ, უკრაინაში მოვახდენთ.

პარალელურად, ვემზადებით თავდაცვის მრეწველობის ფორუმისთვის, პირველი ასეთი ღონისძიება უკრაინაში ამ შემოდგომაზე გაიმართება. ფორუმის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ეს სრულად ასახავს უკრაინის ძალასა და პოტენციალს, ჩვენს უნარს დავიცვათ თავი და დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში. ფორუმში მონაწილეობა უკვე 86-მა წამყვანმა თავდაცვითმა კომპანიამ, ანუ 21-მა ქვეყანამ დაადასტურა.

ჩვენი ამოცანა ყველასთვის აშკარაა - მივცეთ უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების ყველა შესაძლებლობა, უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს საიმედო დაცვა აგრესიის ნებისმიერი ფორმის შესაკავებლად.

სამყარო უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ნებისმიერი საფრთხე სიცოცხლისთვის, ნებისმიერი აგრესორისა თუ ტერორისტისგან," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები