20 სექტემბერი 2024,   04:42
ვრცლად
კოსოვოს პოლიციასა და სერბ შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

კოსოვოს პოლიციასა და სერბ შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, არიან დაჭრილებიც.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში სულ 30-მდე პირი მონაწილეობდა. კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ.

პასუხისმგებლობას მხარეები ერთმანეთს აკისრებენ.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ სერბეთი შეიარაღებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დაღუპულებზე პასუხისმგებლობა კოსოვოს ოფიციალურ პირებს ეკისრებათ.

შემთხვევა სოფელ ბანისკაში, სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულია ექვსი ადამიანი და ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი.

დასავლური მედიის ინფორმაციით, შეტაკება კოსოვოში წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ესკალაცია იყო, რომელსაც რამდენიმე თვიანი მზარდი დაძაბულობა და მოლაპარაკებების შეჩერება უძღოდა წინ.

დღის ამბები