13 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიაში შეხვედრებს მართავს. მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრიორიტეტების შესრულების შესახებ, რაც განისაზღვრა ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის დროს.

ევროკავშირის გაფართოების დირექტორატში დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და შეთანხმდნენ შემდგომ მჭიდრო კოორდინაციაზე. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დაეთმო საუბარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იოროვასთან და ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონთან, სადაც მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში.

ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისრებს გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის და ენერგეტიკის საკითხებში.

"შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ხდება აღნიშნული ინფორმაციის ევროპელი კოლეგებისთვის მიწოდება და მათი შეფასებების მოსმენა. ევროკავშირის წევრ ელჩებთან კი გარდა 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციისა, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ ყველა თემას, მათ შორის უსაფრთხოების თემატიკას," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი.

დღის ამბები