20 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
Radisson RED Tbilisi - თბილისში 111 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 44 ნომერში, ახალი სასტუმრო Radisson RED Tbilisi გაიხსნა. სასტუმრო ფოსტის ყოფილ შენობაში გაიხსნა, რომელსაც ძველი იერსახე აქვს შენარჩუნებული. ისტორიული ფოსტის შენობა 1920-იანი წლებით თარიღდება.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილო და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მორიგი წვლილი.

სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ჰუსნუ ტაიანჯიმ და თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და აღმოსავლეთ ევროპის "რედისონ ჰოტელ გრუპის" რეგიონულმა დირექტორმა, ანტუან მუბარაკმა განაცხადეს, რომ საქართველოში "რედისონ ჯგუფის" ქოლგის ქვეშ შექმნილი ეს მე-4 სასტუმროა.

"მოხარული ვარ, ჩემთვის პატივია, რომ აქ, ამ ლამაზ ადგილას ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა გავხსნა ეს სასტუმრო. თბილისი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. პირველად აქ 2008 წელს ჩამოვედი როცა რედისონ ბლუ ივერია გავხსენით. დღეს კი განვაგრძობთ თბილისში ჩვენს პროექტებზე მუშაობას და სამომავლოდ, კიდევ მეტს ველით. ჩვენ გვჯერა ამ ქვეყნის და მისი პოტენციალის, მისი კულტურის, არქიტექტურის და სილამაზის, გვჯერა აქაური ბაზრის, ამიტომაც ვიმყოფებით თბილისში. გვსურს ადგილობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი თანამედროვეობასთან შერწყმა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ლამაზი პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. საქართველოს ჩემპიონობას ვუსურვებ. იმედი მაქვს, სიამოვნებას მიიღებთ სასტუმროს სტუმართმოყვარეობით. ჩვენი სურვილია დასაქმებულებისა და ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა," - ამბობს თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ევროპის Radisson Hotel Group -ის რეგიონული დირექტორი, ანტუან მუბარაკი. 

დღის ამბები