06 ოქტომბერი 2024,   20:02
ვრცლად
NATO-ს გენერალური მდივნის შემდეგ, კიევს, მოულოდნელი ვიზიტით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვია

სარაკეტო და დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ამოქმედდა უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში. ყირიმში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩამოგდებულია ორი მცირე რადიუსის უკრაინული რაკეტა, რომლის ნამსხვრევებმაც საწყობები დააზიანა. ხერსონში, ქალაქ ბერისლავზე მიიტანეს იერიში რუსულმა ჯარებმა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ზაპოროჟიის ოლქში დასახლებული პუნქტის, რობოტინოს სამხრეთით სიტუაცია "არასტაბილური, ტაქტიკურად რთული და დინამიკურია". ორგანიზაციის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები რაიონში ტაქტიკურ კონტრშეტევებს ახორციელებენ.

NATO-ს გენერალური მდივნის შემდეგ კიევს მოულოდნელი ვიზიტით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვია. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ბრიუსელი უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არა მხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას.

„რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად NATO-სა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს კულება.

შეგახსენებთ, 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგად არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, მათ შორის შეთანხმებას იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ. ზელენსკიმ იარაღისა და თავდაცვის სისტემების უკრაინასთან ერთობლივი წარმოების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

დღის ამბები