16 სექტემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"უნდა გავეცნოთ იმ კრიტერიუმებს, რითაც დირექტორი დაიბლოკა" - ჩხოროწყუს სამ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

ჩხოროწყუს სამ სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მასწავლებლები და მოსწავლეები საკლასო ოთახებში არ შევიდნენ და ამ ფორმით ახალი დირექტორების არჩევა გააპროტესტეს. ისინი განათლების სამინისტროსგან არგუმენტებს მოითხოვენ, თუ რატომ არ რჩებიან პოსტებზე დირექტორები, რომლებიც სკოლებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ.

"ჩვენი დირექტორს კიდევ 7 წელი აქვს ვადა. ადამიანი, რომელიც მუდმივად სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული, ადამიანი, რომელიც ზრუნავს თითოეული მოსწავლის კეთილდღეობაზე, ასეთ დირექტორს გუშინ უარყოფითი პასუხი მოუვიდა. უნდა გავეცნოთ იმ კრიტერიუმებს, რითაც ასეთი დირექტორი დაიბლოკა.

ჩვენ ამ გაცდენილ საათებს შაბათ-კვირით ავანაზღაურებთ და ჩვენს მოსწავლეებს არ დავაზარალებთ," - განაცხადა ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

ადგილობრივ რესურსცენტრში კი განმარტავენ, რომ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა მიუღებელია და პროტესტის მონაწილეებს უკვე შეხვდნენ.

"გამოთქვან პროტესტი მასწავლებლებმა, ეს ჯანსაღი პროცესია. [გასაგებია] რომ ცვლილებებს არ იღებენ და ა.შ. მაგრამ ის, რომ სკოლის მოსწავლეებს უთხრათ, ბავშვებო დირექტორი მიდის და ასეთი სიტუაცია შეიქმნა[სასწავლო პროცესი ჩაიშლება] ეს არ არის ჯანსაღი პროცესი," - აღნიშნავენ რესურსცენტრში.

დღის ამბები