15 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ისრაელმა ღაზას სრული ალყის გადაწყვეტილება მიიღო - რა ხდება მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში და რა ინფორმაცია  ვრცელდება დაღუპულების შესახებ

ისრაელმა ღაზას სრული ალყის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იოავგალანტმა განაცხადა. ისრაელის სამოქალაქო პირებსა და სამხედროებზე უპრეცედენტო თავდასხმების შემდეგ, ისრაელმა იერიში "ჰამასის" სტრატეგიულ ცენტრებზე მიიტანა. გამთენიისას რაკეტები ისროლეს ისრაელის წინააღმდეგ ღაზას სექტორიდანაც. შენობები განადგურდა და მოქალაქეები დაიჭრნენ აშკელონსა და აშდოდში.

სირენების ხმა თელ-ავივში დღის განმავლობაში რამდენჯერმე ისმოდა. "ჰამასს" სოლიდარობა გამოუცხადა ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება "ჰეზბოლამ", რომელიც ევროკავშირს, ამერიკას, კანადას და არაბული ქვეყნების ლიგის წევრებს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვთ აღიარებული. შეიარაღებული მებრძოლები ლიბანის ქალაქ ალმა ეშ-შააბის მოსაზღვრე ისრაელის ტერიტორიაზე გადავიდნენ.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია ლიბანიდან შემოჭრის შესახებ, რამდენიმე მებრძოლი მოკლეს. განგაშის სიგნალები ჩაირთო ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ლიბანიდან წამოსული რაკეტები ჩამოაგდო. საერთაშორისო თანამეგობრობა შიშობს, რეგიონში კონფლიქტის გავრცელება არ მოხდეს. ამერიკის ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზეა არაბეთის გაერთიანებული საემიროების, თურქეთის, საუდის არაბეთის, იორდანიის, ეგვიპტის, კატარის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ღაზას სექტორის ქალაქ რაფაში, ისრაელის საპასუხო სარაკეტო შეტევის შემდეგ, ადგილობრივები საკუთარ ნივთებს შენობების ნანგრევებში აგროვებდნენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის შეტევის შემდეგ, ხუთასამდე ადამიანია დაღუპული და 2000-ზე მეტი დაჭრილი. ისრაელსა და ღაზაში, ბოლო 2 დღეში მსხვერპლმა 1200 ადამიანს გადააჭარბა.

პენტაგონმა ისრაელის მახლობლად სამხედრო გემები და ავიაცია გაგზავნა. მათ შორის არის ავიამზიდი ჯერალდ ფორდი. ასევე მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავები. ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორი იქნება ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა.

საგანგებო შეხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა მოიწვია. ისრაელზე თავდასხმის გამო ავსტრიამ პალესტინის დახმარება შეაჩერა. ვენაში თქვეს, რომ მასშტაბური ტერორის შემდეგ, ჩვეულ რეჟიმს ვეღარ დაუბრუნდებიან და სხვადასხვა პროექტისთვის გამოყოფილი მილიონობით ევროს გადახდა დაუყოვნებლივ წყდება.

დღის ამბები