15 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფელი ამღა აღორძინდეს, მისი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი უნდა გამოიყოს - სოზარ სუბარი

"ამღას რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტია და კარგი იქნება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ," - ამის შესახებ "ხალხის ძალის"ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც დააყენებს.

"არაფერი გვაქვს იმაზე დიდი, რაც ჩვენი კულტურული და ისტორიული ძეგლებია. თუ რამე კარგი გაკეთდა ჩვენი მმართველობის პერიოდში, ერთ-ერთი საამაყო, რითაც შეგვიძლია მომავალს თვალი გავუსწოროთ, არის მუცოს რეაბილიტაცია, რომელიც თითით საჩვენებელი პროექტია, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ძეგლებს. ასეთი ძეგლები ბევრი გვაქვს მთა-თუშეთში, რაჭაში, ბარში და ა.შ.  ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ამღას რეაბილიტაცია. ამღა არის არხოტი. აქ სულ სამი სოფელია. დაცლილია მთლიანად. ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი ქორწილი შედგა ოთხი წლის წინ. პირველი ბავშვი ბოლო 50 წლის განმავლობაში გაჩნდა სამი წლის წინ. ამ ოჯახს უკვე ორი ბავშვი ჰყავს ახლა.  ზამთარში მოსახლეობიდან სულ ორი-სამი ოჯახი რჩება. ამ სოფლის რეაბილიტაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, აქ დახარჯული თანხა ამოიღებს თავის თავს, როგორც ტურისტული პროექტი, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი იქნება მნახველი; მეორეც იმიტომ, რომ პრაქტიკულად ჩრდილოკავკასიაა, ქედის იქით არის, მესაზღვრეები იყვნენ ყოველთვის არხოტელები და მესაზღვრეები არიან დღესაც; ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სოფელი აღორძინდეს. მესამე მიზეზი არის ისტორია  - დღესაც დგას იქ შენობა, სადაც ცხოვრობდა „გველის-მჭამელი“ - ვაჟას ხოგაის მინდი და მეოთხე - ძალიან ცოტა ჯდება ამ სოფლის რეაბილიტაცია. ლაპარაკი იქნება ალბათ სულ 5-6 მილიონ ლარზე. ეს არ არის პროექტი, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადში დამთავრდეს. ამას დასჭირდება სამი წელი, რომ თანდათან გაკეთდეს. 

მომავალი წლის ბიუჯეტში რომ გავითვალისწინოთ ამ პროექტის (რომელიც უკვე არსებობს) დაწყება ძალიან კარგი იქნება თვითონ ხევსურეთის, არხოტის, საქართველოს აღორძინებისთვის და ჩვენი კულტურული  მემკვიდრეობისთვის ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები