06 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ისრაელი არასოდეს ესვრის მიზანმიმართულად მშვიდობიან მოქალაქეს, ამიტომაც მოვუწოდებთ ყველა სამოქალაქო პირს წავიდნენ ღაზას სამხრეთით, რადგან არ გვინდა მათ ზიანი მივაყენოთ - იოავ გალანტი

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები ისრაელში არიან. "ტერორი ვერ გაიმარჯვებს" - აცხადებენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა.

ენტონი ბლინკენის შემდეგ, თელა-ვივში მხარდამჭერი გზავნილებით ლოიდ ოსტინი ჩავიდა. ამერიკის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ ტერორიზმს გამართლება არ აქვს, ახლა ნეიტრალიტეტის დრო არ არის და ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, "ჰამასი“ უნდა დაგმოს.

"გზავნილი, რომელსაც ვუგზავნით ნებისმიერ ქვეყანას და ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, ამ სიტუაციით ისარგებლოს და კონფლიქტი გააფართოოს. არ გააკეთოთ ეს! მე არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, თუ რა მოხდება სამომავლოდ. უბრალოდ, გარკვევით გეტყვით, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას, დაიცვას საკუთარი თავი", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ერთობლივ ბრიფინგზე, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას, ანკლავის სამხრეთ ნაწილში ევაკუაციისკენ მოუწოდა.

"მინდა ყველას შეგახსენოთ, რა მოხდა კვირაზე ნაკლების წინ. 1200 ისრაელელი სასტიკად მოკლეს, გააუპატიურეს, ცოცხლად დაწვეს. ბავშვები ერთმანეთს გადააბეს და თავში სროლით დაცხრილეს. ეს არის "ჰამასი" - ღაზას "აისისი". მათ ბოროტება ახალ საფეხურზე აიყვანეს. ისრაელი არასოდეს ესვრის მიზანმიმართულად მშვიდობიან მოქალაქეს. ამიტომაც მოვუწოდებთ ყველა სამოქალაქო პირს ქალაქ ღაზაში, წავიდნენ ღაზას სამხრეთით, რადგან არ გვინდა მათ ზიანი მივაყენოთ. ტერორისტების კამუფლაჟი სამოქალაქო პირები არიან. ამიტომაც გვინდა მათი განცალკევება. ვისაც სიცოცხლის გადარჩენა სურს, გთხოვთ, სამხრეთით წადით. ჩვენ ვაპირებთ გავანადგუროთ "ჰამასის" ინფრასტრუქტურა, "ჰამასის" სათავო ოფისი, "ჰამასის" სამხედროები და აღვგავოთ ეს ფენომენი ღაზიდან და დედამიწიდან", - აცხადებს იოავ გალანტი.

პრესკონფერენციაზე, ირანთან დაკავშირებითაც დასვეს შეკითხვა. მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებს არ აქვს ინფორმაცია, თავდასხმებში ირანის პირდაპირი როლის შესახებ, თუმცა ამას არ გამორიცხავს და დაზვერვის მონაცემებს ელოდება. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი იოავ გალანტი, დღეს უფრო პირდაპირი იყო.

"ირანი, "ჰეზბოლა" და "ჰამასი" ბოროტების ერთი ღერძია. ძირითადად, ყველაფერი მიმართულია ირანიდან. ნებართვას იძლევა ირანი, ფულის უზრუნველყოფას ირანი ახდენს და იდეების ფორმირებაც ირანში ხდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, მათ პირდაპირ გასცეს თუ არა ნებართვა, იდეა ირანულია", - განაცხადა იოავ გალანტმა.

დღის ამბები