ბოლო 24 საათში, ღაზის სექტორში კიდევ 300-მდე პალესტინელი დაიღუპა. სამინისტრო ირწმუნება, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. დილის მონაცემებით, ისრაელის მიერ საჰაერო შეტევებს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 2329 პალესტინელი 9700-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. "ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი განთავსდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, მიმდინარე კვირის დასაწყისში იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, ისრაელში 1300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 ამერიკელია.
მისივე განცხადებით, უდანაშაულო პალესტინის ოჯახებს და აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვთ საერთო ჰამასთან, თუმცა ჰამასი მათ ფარად იყენებს.
"ისტორიამ გვასწავლა, რომ ანტისემიტიზმი, ისლამოფობია, ჰომოფობია, ტრანსფობია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სიძულვილი ერთი ჯგუფის მიმართ, რომელიც უპასუხოდ რჩება, ხსნის კარს მეტი სიძულვილისთვის. ერთი კვირის წინ, ჩვენ დავინახეთ, რომ სიძულვილი სხვაგვარად გამოვლინდა ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის შემდეგ, ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაში. ისრაელში დაიღუპა 1300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის 27 ამერიკელი. ჰამასმა მძევლად ასობით ადამიანი აიყვანა. უდანაშაულო პალესტინის ოჯახებს და აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვთ საერთო ჰამასთან. ჰამასი მათ ფარად იყენებს", - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.