06 ოქტომბერი 2024,   19:58
ვრცლად
ღაზის სექტორში საავადმყოფოში ჩავარდნილ რაკეტას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც - შეტევას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა იორდანესა და მთელ ახლო აღმოსავლეთში

ასობით ადამიანი ემსხვერპლა ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოში ჩავარდნილ რაკეტას - დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხალხი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. მომხდარზე პასუხისმგებლობას "ჰამასი" ისრაელს აკისრებს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ცახალს აფეთქებასთან კავშირი არ აქვს და მომხდარის მიზეზად პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ასახელებს.

საავადმყოფოზე შეტევას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და მთელ ახლო აღმოსავლეთში. ვითარების კიდევ უფრო გამწვავება რეგიონში ამერიკის პრეზიდენტის ჩასვლას ემთხვევა. ჯო ბაიდენს ისრაელში დღეს ელოდებიან. თუმცა ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო პრეზიდენტი იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა. მანამდე ამ შეხვედრაზე დასწრებაზე უარი პროტესტის ნიშნად პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა.

ამავე დროს გერმანული გამოცემა "შპიგელი" წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელის არმია არ დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში იქნება.

თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმა გახდა გერმანიის კანცლერის თავშესაფარში გადასვლის მიზეზი. საჰაერო განგაში მაშინ ამოქმედდა, როცა ოლაფ შოლცის თვითმფრინავი აფრენას აპირებდა. გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი აეროპორტის ბომბ-საფარში ჩავიდა, თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ კი ის კაიროსკენ გაფრინდა.

დღის ამბები