06 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებენ

უკრაინაში ომი გრძელდება. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. დილით დაიბომბა ხარკოვი - სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20-ზე მეტია. დაჭრილების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო იერიში, "ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით მოხდა. ერთი რაკეტა გზის სავალ ნაწილს მოხვდა და ახლომდებარე სახლები დააზიანა, მეორე კი - 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხარკოვი არ არის ერთადერთი რეგიონი, რომელიც რუსულმა ძალებმა დაბომბეს. სარაკეტო იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. რუსული ბომბები აქ რამდენიმე ქალაქში ჩამოვარდა. არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც.

ვითარება რთულია ფრონტის ხაზზე, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე ცხელი წერტილი ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებია, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია. პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათი სამხედროები შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ და წინ მიიწევენ ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე.

უკრაინის ხელისუფლება კი ბრძოლას პოლიტიკურ ფრონტზეც განაგრძობს და მსოფლიოს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს სთხოვს. სწორედ ახალ დახმარებებზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ცოტახნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს ლიეტუვაც.

 

დღის ამბები