24 დეკემბერი 2024,   07:44
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთს ნატოს კარი გაუღო - ალიანსს თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი და კარგად მომზადებული შვედური არმია შეემატა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, ვაშინგტონი სწრაფად გამოეხმაურა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ თურქეთის პრეზიდენტის ნაბიჯს მიესალმებიან.

თურქეთის პრეზიდენტის ნაბიჯს გამოეხმაურნენ შვედეთშიც, სადაც ნატოს გენერალური მდივანია ჩასული. იენს სტოლტენბერგმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ლეგიტიმური იყო ის პრეტენზიები, რომლებიც ანკარას სტოკჰოლმის მიმართ ჰქონდა.

ბლოკში შვედეთის მიღებით, ალიანსს კიდევ ერთი ბრძოლისუნარიანი, მაღალტექნოლოგიური და მდიდარი დემოკრატია დაემატება, რომელსაც ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის დიდი ხნის ისტორია აქვს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გაწევრიანების პროტოკოლი რატიფიცირებისთვის მზად არ აქვს, უნგრეთია. იენს სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთმა არაერთხელ მიანიშნა, რომ არ იქნება ბოლო ქვეყანა, რომელიც რატიფიცირებას მოახდენს. აქედან გამომდინარე, გენერალურ მდივანი ელოდება, რომ გადაწყვეტილება ბუდაპეშტში სწრაფად იქნება მიღებული.

ანკარაში არ დაუკონკრეტებიათ დღე, როდესაც ერდოღანის მიერ დასამტკიცებლად გადაგზავნილ გაწევრიანების პროტოკოლს კენჭისყრაზე გაიტანენ. დოკუმენტმა ჯერ საპარლამენტო კომისია უნდა გაიაროს და შემდეგ, ღია კენჭისყრაზე დადგეს. დასამტკიცებლად საჭიროა ხმათა უმრავლესობა, რაც დიდ ეროვნულ ასამბლეაში ერდოღანის პარტიას აქვს.

დღის ამბები