19 სექტემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზაციისთვის გამოვლენილია 58 ფიზიკური და 15 იურიდიული პირი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

მათივე ცნობით, ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს კანონდარღვევით მოქმედი ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქების გამოვლენის მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც.

ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით, მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალათ ფარმაცევტული საქმიანობა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული პირების დადგენა-მხილების მიზნით.

დღის ამბები