გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით, 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.
რეზოლუციის ინიციატორი იორდანიაა.
დოკუმენტი მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს „უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი”.
რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა მძევალი.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ერთხელაც არ არის მოხსენიებული მოძრაობა "ჰამასი", რამაც ისრაელის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.
რეზოლუციის მხარდამჭერებს შორისაა: ჩინეთი, ირანი, სირია, საუდის არაბეთი, რუსეთი, ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, ირლანდია, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი.
იმ 14 ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს არის: აშშ-ი, ისრაელი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ტონგა, პარაგვაი, ნაურუ, მიკრონეზია.
ამასთან, თავი შეიკავა 45 ქვეყანამ, რომელთა შორის არის: ინდოეთი, კანადა, ავსტრალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.