20 აგვისტო 2026,   08:03
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ ნინო გიორგაძეს სამოსამართლო საქმიანობა შეუწყდა

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს სამოსამართლო საქმიანობა შეუწყდა. საბჭომ 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.

ნინო გიორგაძე, 2020 წლის დეკემბრიდან, მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. ვინაიდან ის იმყოფებოდა 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში, საბჭოს წევრებმა მისი საქმიანობა შეაფასეს. შედეგად, მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე.

ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი მოთხოვნა 1-ელ ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (14-მა) წევრმა. 

საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, რომელიც, ამ საკითხზე, განცხადებას ავრცელებს:

„აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. ამგვარი “ერთსულოვნება” გვაფიქრებინებს, რომ ის არ მიიჩნიეს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურ მოსამართლედ და მიგვაჩნია, რომ მისი არდანიშვნის რეალური საფუძველიც ამ ფაქტორს უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, ყველა იმ მოსამართლეს, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან და არ ჰქონიათ იქამდე მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, თანამდებობაზე ნიშნავს უვადოდ. თუმცა, ნინო გიორგაძის შემთხვევაში, საბჭომ სხვა გზა აირჩია.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, ნინო გიორგაძეს, 3 წლის განმავლობაში, წარმოებაში ჰქონდა დაახლოებით 2100 საქმე. საქმეთა ამ რაოდენობის დაძლევა ნებისმიერი მოსამართლისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებას.

„სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო, რომ ის არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.

ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, წარმოადგენდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებასა და მინიშნებას“, - აღნიშნულია „სასამართლოს გუშაგის“ განცხადებაში.

დღის ამბები