16 სექტემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად მწვავე ფაზაში შედის - "კურიერი" მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს

ომი ახლო აღმოსავლეთში - "კურიერი" მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს. კონფლიქტი უკიდურესად მწვავე ფაზაში შედის. ისრაელი ღაზის სექტორს ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან უტევს, შედეგად კი "ჰამასის" ინფრასტრუქტურას ანადგურებს. აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთანაც. "ცაჰალში" დაადასტურეს, რომ სასწრაფო დახმარების ავტომობილზე იერიში მათ მიიტანეს, მიზეზად კი განმარტეს, რომ ავტომობილს "ჰამასის" ტერორისტები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ საზღვრის რაიონში სამხედროების სრულ საბრძოლო მზადყოფნაზეც საუბრობს.

გასულ ღამეს განგაშის სიგნალი ისმოდა თელ-ავივის შემოგარენში, იყო სარაკეტო იერიშიც, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ამ შემთხვევაშიც ეფექტურად იმუშავა. ღამის განმავლობაში, რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილშიც.

ბოლო სარაკეტო იერიში განხორციელდა რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ელიათის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ისრაელმა თავდასხმის განეიტრალება ამ შემთხვევაშიც შეძლო.

სარაკეტო იერიშები ხორციელდება ლიბანის ტერიტორიიდანაც, საიდანაც "ჰესბოლა" ყოველდღიურად ზრდის წნეხს. ამასობაში, როგორც ჩრდილოეთით, ასევე ღაზას მიმართულებით ისრაელის მხარე სამხედრო შესაძლებლობებს უფრო და უფრო ზრდის და აწარმოებს როგორც შემაკავებელ სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთით, ასევე შეტევით ოპერაციას უშუალოდ ღაზის სექტორში.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ქალაქი ღაზა სრულად არის ალყაში მოქცეული და მიმდინარეობს ფრთხილი სამხედრო ოპერაცია იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სამხედროების უსაფრთხოება.

 

დღის ამბები