19 სექტემბერი 2024,   05:06
ვრცლად
"ღაზა ბავშვების სასაფლაოდ იქცა" - ანტონიო გუტიერეში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პალესტინის მხარეს მსხვერპლი 10 ათასს აჭარბებს. გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო კონსენსუსის მიღწევა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც კონფლიქტის შეჩერებას ისახავს მიზნად. უშიშროების საბჭოს ჩიხში შესვლის გამო, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერსპექტივები ბუნდოვანი რჩება. შედეგად, სექტორის საავადმყოფოების ნაწილი რამდენიმე დღეში დაიხურება.

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ ღაზა ბავშვების სასაფლაოდ იქცა. ის ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის.

"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ სასტიკი, საშინელი და მტანჯველი ჩიხიდან. ღაზა ბავშვების სასაფლაოდ იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღიურად, ასობით გოგო და ბიჭი იღუპება ან ზიანდება,"- განაცხადა გუტიერეშმა.

"ჰამასის" განადგურების მიზნით, ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშებს აძლიერებს. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიბომბა "ჰამასის" 450 სამიზნე, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გამშვებები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას, ვოდრე "ჰამასი" ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს, თუმცა ისრაელი მოკლე პაუზებისთვის მზად არის. ნეთანიაჰუ ასევე ამბობს, რომ ისრაელს ღაზის სექტორის უსაფრთხოების შესახებ ზოგადი პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი ისრაელისთვის 320 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს.

დღის ამბები