15 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ადამიანებს იტაცებდნენ და აქრობდნენ, ბევრი მათგანი ოჯახებს ნაპოვნი არ ჰყავთ, კლავდნენ და აწამებდნენ, ადამიანის უფლებებს რომ დაასამარებ, რა ევროპაზე გაქვს პრეტენზია - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს მმართველ გუნდს რაიმე პრეტენზია წაუყენოს და რუსული საქმის კეთება დააბრალოს, რადგან მაშინ, როცა სწორედ ამ ოპოზიციის წარმომდგენლები ხელისუფლებაში იყვნენ, ქვეყანაში დასამარდა ადამიანის უფლებები, გაუქმდა თავისუფალი მედია და პარლამენტი გახდა ერთპარტიული.

როგორც არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ოპოზიცია დაყოფილია პოლიტიკურ ბანაკებად, თუმცა ისინი "კოლექტიურ ნაციონალურ" მოძრაობას წარმოადგენენ და საერთო პასუხისმგებლობა აქვთ.

"ამას გვეუბნება პოლიტიკური ბანაკი, რომელსაც სხვადასხვა ფერის მაისურები აცვიათ, სხვადასხვა ნომრები აქვთ და სხვადასხვა სათაურები მიიწერეს, მაგრამ ესენი არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ან ხალხი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში კომფორტულად იყვნენ და აბსოლუტურად შეგუებულები იმ პირობებს, რაც მაშინ ხდებოდა, ასევე იმ ძალას მაშინ ბევრ რამეშიც ეხმარებოდნენ. ახლა მოკლედ ვთქვათ ვინ გვიყენებს პრეტენზიას და ვის რა რუსული საქმე აქვს გაკეთებული ეგ გავიხსენოთ: ადამიანის უფლებები დაასამარეს საქართველოში, ათობით საჩივარი მიდიოდა სტრასბურგი, რადგან ამ ქვეყანაში ხალხი სამართალს ვერ პოულობდა. სამართლის ძებნისთვის, ადამიანებს იტაცებდნენ და აქრობდნენ, ბევრი მათგანი ოჯახებს ნაპოვნი არ ჰყავთ. კლავდნენ და აწამებდნენ. ადამიანის უფლებებს რომ დაასამარებ, რა ევროპაზე გაქვს პრეტენზია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი, მედიაზე განახორციელეს პირდაპირი რეიდი. ოთხი ტელევიზია მაუწყებლობდა ქვეყანაში და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ფიგურა და ერთ-ერთი ლიდერი თვითონ კარნახობდა მედიას რა უნდა ელაპარაკა. ამათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ჩვენ წაგვიყენონ რამე პრეტენზია. პარლამენტი იყო ერთპარტიული, დიდი ნოტარიუსის ოფისი იყო პარლამენტი", - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები