"ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა და გაბოროტებული ადამიანის განცხადება - ასე აფასებს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა "ლემონდთან" ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. ამ ინტერვიუში ზურაბიშვილმა ივანიშვილი პირველად მოიხსენია ოლიგარქად. "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის" - აცხადებს პრეზიდენტი, რომელსაც ამ შეფასებისთვის "ქართული ოცნება" მწვავედ აკრიტიკებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სალომე ზურაბშვილმა აღნიშნული განცხადებით საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა.
"სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ცდილობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ბანაკს მიეკედლოს. მისი პოლიტიკური დაღმასვლა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ არაფერი საერთო არა აქვს სალომე ზურაბიშვილს არც საქართველოს ინტერესთან და არც ქართველი ხალხის ინტერესთან. აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იყოს ქვეყანაში პოლარიზაცია, ქაოსი და არეულობა. მან კარგად იცის, რომ ის თავის ფორმალური პრეზიდენტობის ბოლო თვეებს ითვლის და აქედან გამომდინარე მისი ეს ჰიპერ ქვეყნის საწინააღმდეგო აქტიობა სწორედაც ამით არის განპირობებული," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს არ ატარებს.
"ამ გუნდმა მოიყვანა ის ხელისუფლებაში, თუ ჩვენ ოლიგარქებს გვეძახის, მაშინ კეთილი ინებოს და გადადგეს, შეუერთდეს რადიკალებს და ჩახდილებს და იყოს მათი ლიდერი, აბა ვნახოთ ერთი რას დაიჭერს. არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე, რაღაც სხვა პროცედურები უნდა ჩაიტაროს, მგონია რომ ამ ქვეყნის ინტერესებს ის არ ატარებს და არ არის ამ ქვეყანაზე," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.