18 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება - რას ამბობენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში პრეზიდენტის ინტერვიუზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აღიარებს. მისთვის ყოფილი პრემიერი საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია და ერთ-ერთია, ვისაც რუსეთის მარცხი ვერ წარმოუდგენია. 

ფრანგულ გამოცემასთან ნათქვამი სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ქართულ მედიასთან აღარ გაიმეორა და შეკითხვებიც განმარტების გარეშე დატოვა.

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილსაც მწვავედ დაუპირისპირდა, "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიზნებს საბოლოოდ შეუერთდა. პრეზიდენტს დღეს გაახსენეს ისიც, რომ სწორედ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყნის და უკვე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში, პრეზიდენტი საკუთარ ძმასთან ერთად მონაწილეობს. მას შემდეგ, რაც ოთარ ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტი გამოსავალს ეძებდა, მორიგ ეთერში სხვა განცხადებაც გააკეთა და სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს დაუკავშირა ოპოზიციის ნაწილმაც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობამ პრეზიდენტის პოზიცია მოიწონა. "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე იმის იმედიც აქვთ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს. ეს საკითხი პრეზიდენტის დამოუკიდებლობის ტესტია იმ ოპოზიციისთვისაც, ვინც აქამდე ამტკიცებდა, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებს.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი საკუთარ ფუნქციებს აქამდეც ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდა, თუმცა ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ამ განცხადების შემდეგ მეტ დაკვირვებას საჭიროებს.

"ლე მონდთან" ინტერვიუ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავად გაავრცელა. ფრანგულ გამოცემას სალომე ზურაბიშვილმა თბილისში უმასპინძლა.

დღის ამბები