09 ივლისი 2024,   02:15
ვრცლად
ბარიერები რუსეთის საზღვარზე - ფინეთი სასაზღვრო პუნქტებზე მიგრანტთა ნაკადის შეჩერებას ცდილობს

ნუიამა, ვაალიმაა, იმატრა, ნიირალა - ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის ის სასაზღვრო პუნქტებია, სადაც ფინეთის სასაზღვრო დაცვამ ბარიერები დაამონტაჟა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სწორედ ამ პუნქტებზე მოდიოდა რუსეთიდან ფინეთში შესულ არალეგალ მიგრანტთა უდიდესი წილი.

რუსეთთან მოსაზღვრე სკანდინავიური ქვეყნის სასაზღვრო დაცვის სამსახური განმარტავს, რომ ბარიერების აღმართვის მიზანი თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერებაა. ბარიკადებს მიღმა ათობით მიგრანტია დარჩენილი. ბარიერების დამონტაჟების მიუხედავად, ნუიამასა და ვაალიმაას სასაზღვრო პუნქტებთან მაინც რჩებიან მიგრანტები. ნულ გრადუსამდე დაცემული ტემპერატურის პირობებშიც კი, ისინი ფინეთში გადასვლის იმედს არ კარგავენ და გათბობას სახელდახელოდ დანთებული კოცონებით ცდილობენ.

ფინელმა მესაზღვრემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორმა ადამიანმა მაინც შეძლო ორდონიანი ბარიერის გარღვევა და ფინეთში არალეგალურად შეღწევა.

ფინეთი რუსეთთან 1340-კილომეტრიან სასაზღვრო ხაზს იზიარებს, რაც ევროპაში ყველაზე გრძელი საზიარო საზღვარია.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მიგრანტებს ფინეთში არალეგალურად შეღწევაში ეხმარება. მისი თქმით, რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენენ, საზღვართან ავტომობილებით ან ველოსიპედებით მისულ არალეგალთა მცირერიცხოვან ჯგუფებს საზღვრის კვეთაში ხელს არ უშლიან. ოფიციალური ჰელსინკის ცნობით, მიგრანტთა შორის არიან ერაყის, იემენისა და სირიის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად ჩავიდნენ რუსეთში, მაგრამ აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში - ფინეთში შესვლის უფლება.

დღის ამბები